logo
ENG



მედიაკოალიცია ბათუმში ჟურნალისტების ცემის ობიექტურად გამოძიებას ითხოვს

21 დეკ 202119:51
3 წუთის საკითხავი
 
მედიაკოალიცია ბათუმში ჟურნალისტების ცემის ობიექტურად გამოძიებას ითხოვს

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის აცხადებს, რომ ბათუმში ჟურნალისტების ცემის შემთხვევა სამართლიანი და ობიექტური გამოძიების პირობებში უნდა იქნას გამოძიებული, დადგინდეს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების დეტალები და მოხდეს სათანადო რეაგირება.

სააგენტო მაუწყებლის ჟურნალისტმა, გიორგი არობელიძემ 20 დეკემბერს თქვა, რომ 17 დეკემბერს, ბათუმის მეექვსე განყოფილებაში მას და მის კოლეგას, რატი რატიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ჟურნალისტი ყვება, რომ შემთხვევა პოლიციის განყოფილებასთან მდებარე ბართან მოხდა. 

მისი თქმით, პოლიციელები მოქალაქეს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მის დაკავებას აპირებდნენ, ამაზე გამოსარჩლების გამო კი დააკავეს ჟურნალისტებიც.

არობელიძის თქმით, დაკავებამდე მათზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. ჟურნალისტი ყვება, რომ სამართალდამცველები ირიბად მათგან ჩვენების შეცვლასაც მოითხოვდნენ.

საქმეზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით. დაკავებულები კი შაბათს, 18 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა.

საქმის განხილვა პარასკევს, 24 დეკემბერს, არის დანიშნული.

მედიაკოალიცია ითხოვს გამოძიებას, ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებს, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.


close დახურვა